ჯითისი ჯგუფმა მიშო დაუშვილს საჩუქარი გაუკეთა

ჯითისი ჯგუფმა თბილისიდან რაჭაში, შქმერში გადასახლებულ 25 წლის მიშო დაუშვილს  ხელის მოტობლოკი და სათიბელა აჩუქა.

მიშო დაუშვილი წელიწადნახევარზე მეტია შქმერის თემში, უშოლთაში მარტო ცხოვრობს და ბებია-ბაბუის მიწაზე მესაქონლეობას ეწევა
იხ. რეპორტაჟი.
ბანკის სესხით და 5 ძროხით დაწყებული საქმე გააფართოვა და ახლა უკვე 15 ძროხა ჰყავს. თუმცა, ყველაფერს ხელით აკეთებდა - ხელით თიბავდა, ბალახს ხელით აგროვებდა, ხელით ეზიდებოდა, ძროხებს ხელით წველიდა, ხელით აყველებდა. 
მიშოს ფიზიკური შრომის შესამსუბუქებლად და წასახალისებლად ჯითისი ჯგუფმა გადაწყვიტა მისთვის საჩუქარი გაეკეთებინა და მას ხელის მოტობლოკი და სათიბელა გადაცა იხ. ვიდეო რგოლი.

"რეპორტაჟის ნახვისთანავე გაგვიჩნდა სურვილი, რომ მიშოს დავხმარებოდით. მიგვაჩნია, რომ მსგავსი წარმატებული მაგალითები ბევრ ადამიანს მისცემს ბიძგსა და მოტივაციას. ჩვენი კომპანიისთვის, „ჯითისი ჯგუფისთვის“ ეს პირველ რიგში სოციალური პასუხისმგებლობაა, მითუმეტეს, მთაში, სადაც ახალგაზრდების შენარჩუნებისა და დამაგრების სერიოზული პრობლემებია" განაცხადა „მთის ამბების“ რეპორტაჟში  ჯითისი ჯგუფის აღმასრულებელმა დირექტორმა ვახტანგ გაგუამ. 
 

„ოთხი თვის სამუშაოს შევასრულებ ერთ კვირაში და ფიზიკურად აღარ გადავიღლები. ივნისიდან ოქტომბრის ბოლომდე ვაგრძელებდი ხოლმე ბალახის მოგროვებას, ახლა ერთ კვირაში ყველანაირად მოვრჩები“  გვითხრა მიშო დაუშვილმა.  
 

მთის ამბების რეპორტაჟის შემდეგ წამოწყებული კამპანიის შედეგად  #მიშოსმხარდასაჭერად 

გარკვეული თანხის მოგროვება შეძლო „ლექსო ჩარკვიანმა - დაკარგული სამოთხე“, რომლითაც იაპონიის აუქციონზე მიშოსთვის მინი სატვირთო იყიდა. 
ხოლო, რაჭის სათემო ორგანიზაცია შეგროვილი თანხით საფუტკრე მეურნეობას მოუწყობს.

„მთის ამბები“ მიშოს ინტერნეტით უზრუნველყოფს და მეფუტკრეობის დისტანციური სწავლების კურსის გავლაში დაეხმარება.
 

წარმატებას ვუსურვებთ ამ მშრომელ და მონდომებულ ახალგაზრდას! დარწმუნებული ვართ, რომ ის მომავალში წარმატებული ფერმერი გახდება.